Monday, February 9, 2015

სულხან–საბა ორბელიანი – "ღვინის ძალა"


ღვინის ძალა


სულთან სალიმ ჰკითხა ვაზირსა მისსა: ვინცავინ კაცნი ღვინოს რად სმენ, რომე ყოველი ავი სიმთვრალეს მოაქვსო? 
ვაზირმან მოახსენა: ღვინოს ავისაგან კარგიც უმრავლესი შეუძლიან. ღვინო ბრმას თვალს აღუხილებს, საპყარს ავლენს და გლახაკს განამდიდრებსო. 
მოასხმევინა სამნივე ხეიბარნი ფადიშაჰმან და პირისპირ დასხნა და ასვეს ღვინო. რა დაითრო, თქვა ბრმამან: ღმერთო, ადიდე ხელმწიფე, რა კარგსა და წითელს ღვინოს გვასმევსო! 
საპყარმან უწყინა და უთხრა: ვისთან უბნობ? ხელმწიფის მზემან, ესრეთს წიხლს ჩაგაზელ, გვერდი მოგტეხოო! 
გლახაკმან უთხრა უპოვარმან: მოჰკალ და სისხლს მე გარდვიხდიო! 
ვაზირმან მოახსენა: 
- აჰა, ბედნიერო ხელმწიფეო, ღვინოს ესე ყოველი შეუძლია. ან მან რით ნახა, ან იგი რით გალახევდა, ან ეს სისხლს რით მისცემდა? 
- ჰე, შენ, რუქავ! შენც ხომ მათსაებრ ხეიბარი ხარ და ღვინოც, ვეჭვობ, გესვას, თვარა ეგრეგვარსა რა გამბობინებს? 

1 comment: